დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლების მიზნით, აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში დამზადდა და როგორ ტელევიზიების, ისე სხვადასხვა საინფორმაციო პორტალების საშუალებით გავრცელდება გრაფიკული ვიდეო-რგოლები, რომლებიც პასუხობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას.

დეპოზიტების დაზღვევა დეპოზიტორების დაცვის საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია. სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს და უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკში განთავსებული ფიზიკური პირების ყველა სახის დეპოზიტების დაზღვევას 5000 ლარამდე ზღვრის ფარგლებში. მომსახურება სრულიად უფასოა და მის მისაღებად მოქალაქეებს არ სჭირდებათ დამატებითი პროცედურების გავლა.

საქართველოში სისტემის შემოღება გათვალისწინებული იყო მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით. სისტემა დაინერგა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მიზანს წარმოადგენს ქვეყანის ფინანსური სისტემის სტაბილურობის ხელშეწყობა და საბანკო სექტორში პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნება. ამდენად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მიერ საკუთარი ფუნქციის სრულფასოვნად განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოება სრულყოფილად იყოს ინფორმირებული სისტემის არსებობის და მისი სარგებლის შესახებ.

 

 

საინფორმაციო ვიდეო რგოლი

 

 

საინფორმაციო ვიდეო რგოლი ვრცელი