დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ დაზღვეული დეპოზიტორების ანაზღაურება დაიწყო

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვიდან 7 თვეში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ დაზღვეულ დეპოზიტორს კუთვნილი თანხა პირველად აუნაზღაურა. მას შემდეგ, რაც სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა, დადგა პირველი სადაზღვევო შემთხვევა.

ამჟამად ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკში სულ 34 დაზღვეული დეპოზიტორია, ხოლო ასანაზღაურებელი თანხის ჯამური მოცულობა 10 198.91 ლარს შეადგენს. ანაზღაურების პროცესი სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 დღეში - 30 ივლისიდან დაიწყო. პროცესს, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ლიბერთი ბანკი“ ახორციელებს.

პირველი ანაზღაურებული დეპოზიტორი ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე თამაზ ქვრივიძეა, რომელსაც სააგენტოსგან სიმბოლურად გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. ანაზღაურება ასევე მიიღო აზერბაიჯანის მოქალაქემ, რომელიც სწორედ აღნიშნული მიზნით ეწვია საქართველოს და შესაბამისი მომსახურება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან უახლოეს მომსახურების ცენტრში მიიღო.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულია ფიზიკური პირების ყველა ტიპის დეპოზიტები 5 000 ლარიან ზღვრამდე. სისტემაში საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკია ჩართული. ამ დროისთვის დაზღვეული დეპოზიტების ჯამური მოცულობა 1 567 268 264 ლარს შეადგენს.