შეხვედრა კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ, განვლილი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სააგენტოს უფროსმა, ოთარ ძიძიკაშვილმა, ისაუბრა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის განვითარების გეგმებსა და პერსპექტივებზე და ბანკების წარმომადგენელებს გააცნო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც სააგენტოში ამჟამად მიმდინარეობს ან იგეგმება მუშაობა მიმდინარე წლის განმავლობაში. აქტუალურ თემებს შორისაა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების ინსტრუქციისა და შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემის, სააგენტოს საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის, ასევე საშუალო და გრძელვადიანი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების საკითხები.

ოთარ ძიძიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. სააგენტოს უფროსმა ასევე ისაუბრა იმ მჭიდრო კომუნიკაციაზე, რომელიც სააგენტოს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დამსწრეებს გააცნო დონორებისგან მიღებული ტექნიკური დახმარების საკითხები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი და მსოფლიო ბანკის საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის ტექნიკური დახმარების მისიის ექსპერტი.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია, რომლის განმავლობაში სააგენტოს ხელმძღვანელმა და ასევე, მსოფლიო ბანკის ექსპერტმა, პასუხი გასცეს კომერციული ბანკების მიერ დასმულ შეკითხვებსა და მოსაზრებებს.