სისტემის შესახებ

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, პრუდენციულ რეგულირებასთან, ლიკვიდურობის მხარდაჭერასთან და ეფექტიან ზედამხედველობასთან ერთად, ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და იცავს დეპოზიტორებს კუთვნილი თანხების დაკარგვისგან (დადგენილი ზღვრის ფარგლებში) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში. საქართველოში სისტემის დანერგვის მიზანია კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით დანაზოგების წახალისება, ფინანსური კრიზისების დროს შოკური ეფექტების შერბილება, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

დაზღვევის ლიმიტი დღეისათვის 5 000 ლარია ნებისმიერ ვალუტაში არსებული დეპოზიტისთვის. დადგენილი ზღვარი, ადგილობრივი ეკონომიკური სურათისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეტაპობრივად გადაიხედება და გაიზრდება.

დაზღვეულია ფიზიკური პირების ყველა სახის დეპოზიტები, მიმდინარე ანგარიშის და ანაბრების ჩათვლით. დაზღვევას არ ექვემდებარება მხოლოდ ის დეპოზიტები, რომელზე წვდომის უფლებაც დეპოზიტორს შეზღუდული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ასევე არ იზღვევა იურიდიული პირების, კომერციული ბანკების ადმინისტრატორების, 5%-ზე მეტი წილის მფლობელი აქციონერების და მათი ოჯახის წევრების დეპოზიტები. სისტემის განვითარებასთან ერთად, დაიწყება მუშაობა მასში იურიდიული პირების ჩართვაზე.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მოქალაქეებისთვის დამატებით ხარჯს არ წარმოქმნის.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი იხდის სადაზღვევო პრემიას - ყოველთვიურ რეგულარულ შენატანს, რომელიც განისაზღვრება ლარში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 0.067%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების 0.1%-ით. აღნიშნული შენატანები მიემართება დეპოზიტების დაზღვევის ფონდში.

საქართველოში სისტემის შემოღება გათვალისწინებული იყო საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით - საქართველო 2020 და ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით.