სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ მასმედიის ეკონომიკურ მიმართულებაზე მომუშავე წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს წარუდგინა პრეზენტაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, მისი შინაარსისა და მნიშვნელობის შესახებ. ოთარ ძიძიკაშვილმა ისაუბრა დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, კომერციული ბანკების რეგულარული სადაზღვევო შენატანები, სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკა, ანაზღაურების პროცედურები და ა.შ. სააგენტოს უფროსმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დეპოზიტების დაზღვევა ფინანსური უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და საერთაშორისო პრაქტიკა ნათლად ადასტურებს მისი არსებობის აუცილებლობას ყველაზე განვითარებული ეკონომიკისა და ეფექტიანად რეგულირებული საბანკო სექტორის მქონე ქვეყნებშიც. სააგენტოს უფროსმა მოწვეულ სტუმრებს კონკრეტული ფინანსური მონაცემების ანალიზი წარუდგინა და აღნიშნა, რომ დაწესებული სადაზღვევო ზღვრის პირობებში, ბანკების მიერ სისტემის ფუნქციონირებისთვის გაღებული ფინანსური კონტრიბუცია, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან წნეხს მათთვის, მით უფრო, რომ საქართველოში საბანკო სფერო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და სტაბილურად განვითარებადი სექტორია. მონაცემებით დასტურდება ისიც, რომ სისტემის შემოღება არ შეიძლება მიიჩნეოდეს საბანკო პროდუქტების ფასის ცვლილების მიზეზად.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა და თანამშრომლებმა უპასუხეს ჟურნალისტების მიერ დასმულ არაერთ შეკითხვას.