დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრის (World Bank Financial Sector Advisory Centre – FinSAC) ტექნიკური მისიის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს ეროვნული ბანკი.
შეხვედრაზე განხილული იქნა საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობისა და რეზოლუციის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და ევროკავშირის მიდგომებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საბანკო ჯგუფის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის გეგმების შემუშავების ძირითად ასპექტებზე.
მსჯელობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ფინანსური კრიზისების დროს ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმებს, მარეგულირებელი ორგანოების მიერ გამოსაყენებელ ინსტრუმენტებსა და კრიზისულ სიტუაციებში რეაგირებისას კომუნიკაციისთვის მზადყოფნის პრაქტიკულ ასპექტებს. ასევე, განხილული იქნა ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პრაქტიკული მაგალითები.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და აგრძელებს მუშაობას საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და დამცავი მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით.