სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ორგანიზებით, 4-6 ივლისს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, გაიმართა დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) კონფერენცია და ევროპისა და ევრაზიის რეგიონული კომიტეტების სხდომები.
საერთაშორისო კონფერენციაში, სახელწოდებით - „დეპოზიტების დაზღვევა და საბანკო რეზოლუცია: არსებული ვითარება და სამომავლო გამოწვევები“, 30-მდე ქვეყნის 80-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, როგორც დეპოზიტების დაზღვევის ფონდებიდან, ისე მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. კონფერენციის მთავარ მიზანს, საერთაშორისო პარტნიორებს შორის, საბანკო რეზოლუციის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაცია აერთიანებს სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს 110 ქვეყნიდან, მათ შორის, 2022 წლიდან საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ორგანიზაციის ფარგლებში სააგენტო აქტიურად მონაწილეობს ევროპისა და ევრაზიის რეგიონული კომიტეტების მუშაობაში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორქშოფებში.
დეპოზიტების მზღვეველთა საერთაშორისო კონფერენციას თბილისმა პირველად უმასპინძლა. სიმბოლურია, რომ ევროპისა და ევრაზიის რეგიონული კომიტეტების ერთობლივი შეხვედრები, ორგანიზაციის არსებობის მანძილზე პირველად, სწორედ საქართველოში გაიმართა.