2022 წლის პირველი იანვრიდან, ძალაში შედის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს სისტემაში იურიდიული პირების ჩართვას.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. ის დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც თითოეული დეპოზიტორის დაცულობას, ისე მთლიანად ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამაღლებს საზოგადოებრივ ნდობას საბანკო სექტორის მიმართ და შესაბამისად, სტიმულს აძლევს დანაზოგების ზრდას.
სისტემის ოთხწლიანი ფუნქციონირების შედეგად, შეიქმნა საკმარისი საფუძველი მასში იურიდიული პირების ჩართვისთვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით; ასევე, იზრდება დაზღვევის სისტემის, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტის როლი და მნიშვნელობა.
2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ფიზიკური პირების დეპოზიტები - 19,592,952,869 ლარია, რომელშიც დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 4,277,486,929 ლარია. სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შემდეგ მათი დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა დაახლოებით 400 მილიონი ლარი იქნება.