პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კოვზანაძემ ბრძანა: „კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მკაცრი ზედამხედველობა, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია და ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერების კუთხით მორიგ ნაბიჯს ვდგამთ. თუ ახლა საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება“.
დღევანდელი მონაცემებით, ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 3 988 538 894 ლარს შეადგენს, რაც მთლიანი დაზღვეული დეპოზიტების 21%-ს წარმოადგენს.
კანონპროექტში გათვალისწინებულია, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, ფუნდამენტური ცვლილებები მიზნად ისახავს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების დამატებას, რაც საინვესტიციო პოლიტიკის მოქნილობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონში ცვლილებები დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა.