სიახლეები

საქართველოში მსოფლიო ბანკის დეპოზიტების დაზღვევის ტექნიკური დახმარების მისიის მორიგი ვიზიტი დასრულდა

27 მარტი 2018

საქართველოში 2 კვირიანი ვიზიტით მსოფლიო ბანკის დეპოზიტების დაზღვევის ტექნიკური დახმარების მისია იმყოფებოდა. მისიის ფარგლებში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობდა მუშაობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ანაზღაურების პოლიტიკის კონცეფცია და კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგების გადამოწმების ინსტრუქცია; გაკეთდა საქართველოში დეპოზიტების არსებული ვითარების და საპროგნოზო ტენდენციების პირველადი ანალიზი.

მისიის განმავლობაში მსოფლიო ბანკის ექსპერტი ესწრებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სააგენტოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში - მათ შორის კომერციული ბანკების და მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებში. სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკთან და საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან.

აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მჭიდრო კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედების საწყის ეტაპზე, საერთაშორისო მისიების ჩართულობა სააგენტოს ინსტიტუციური განვითარებისა და შესაძლებლობათა გაძლიერების კუთხით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია.