სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) წევრი გახდა.
სააგენტომ საერთაშორისო ასოციაციის წევრობაზე განაცხადი, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გააკეთა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, განაცხადი დაკმაყოფილდა და საქართველო ოფიციალურად გახდა დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაცია, აღნიშნულ სფეროში, საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი პლატფორმაა. ასოციაციის ფორმატში არსებულ დარგობრივ კომიტეტებში წევრი ქვეყნები ერთმანეთს უზიარებენ მთავარ სიახლეებს, გამოცდილებას და გეგმებს. ამასთან, ყოველწლიურად იმართება ასოციაციის გენერალური შეხვედრა, სადაც იკრიბებიან დეპოზიტების დაზღვევის სფეროს ოფიციალური პირები, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან, მიმდინარე პროცესების შემაჯამებელი განხილვისთვის.
დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება წარმოადგენს მნიშვნელოვან სიახლეს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემდგომი განვითარების და გაძლიერებისთვის. აღნიშნული პლატფორმა, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად იყოს ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობაში, ჰქონდეს მუდმივი წვდომა მიმდინარე სიახლეებზე, გაიზიაროს გამოცდილება და მიიღოს ტექნიკური დახმარება სტრატეგიული პარტნიორებისგან საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ორგანიზაციის წევრობა, გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველოში ჩატარდეს მაღალი რანგის საერთაშორისო შეხვედრები.