სიახლეები

2018 წლის 1 თებერვლიდან ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაევალათ

21 თებერვალი 2018

2018 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს “კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია”, რომლის თანახმადაც საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს დაევალა კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ შეტყობინების დაგზავნა ელექტრონული საშუალებებით - კლიენტის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე და ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით.

ინსტრუქციის შესაბამისად სააგენტომ უკვე მიაწოდა კომერციულ ბანკებს ბროშურების მოდელი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, მათ შორის, კომერციულ ბანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების მეთოდისა და პროცედურის შესახებ. სააგენტომ ბანკებს ასევე მიაწოდა ფილიალებში განსათავსებლად პლაკატებისა და ლოგო-სტიკერების მოდელები. ინსტრუქციის თანახმად კომერციული ბანკები ვალდებული არიან უზრუნველყონ ბროშურების მუდმივად ხელმისაწვდომობა და პლაკატებისა და სააგენტოს ლოგო-სტიკერის განთავსება საკუთარ ფილიალებსა და წარმომადგენლობებში.

მოქალაქეებისათვის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სააგენტოსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოქალაქეების უკეთ ინფორმირების მიზნით წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის კამპანია, მათ შორის, სატელევიზიო რგოლების განთავსება და სოციალური მედია აქტივობები.