სიახლეები

2020 წლის პირველი ივლისიდან ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 15 000 ლარამდე გაიზრდება

13 სექტემბერი 2019

2019 წლის 12 სექტემბერს სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საქმიანობის 2019 წლის მეორე კვარტლის და მიმდინარე პერიოდის ანგარიში განიხილეს. სააგენტომ საბჭოს წევრებს სადაზღვევო ზღვრის ცვლილების და ალტერნატიული სცენარების ანალიზი გააცნო.

სამეთვალყურეო საბჭომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გადაწყვეტილებას სადაზღვევო ზღვრის გაზრდის თაობაზე, რომლის თანახმად 2020 წლის პირველი ივლისიდან ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 15 000 ლარამდე გაიზრდება.

სხდომაზე საბჭომ, ასევე, იმსჯელა კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი ყოველთვიური შენატანების ოდენობაზე. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ზღვრის გაზრდის პარალელურად, ეროვნულ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის დაწესებული რეგულარული შენატანის ოდენობა დღეს არსებული ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-დან 0.03%-მდე შემცირდება. ხოლო უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის რეგულარული შენატანი უცვლელად დაზღვეული მოცულობის 0.1% იქნება.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში დაემატა იურიდიული პირებიც.

სადაზღვევო ზღვრის გაზრდის მიზანია საზოგადოებრივი ნდობის და ფინანსური სექტორის სტაბილურობის გაძლიერება. ზღვრის გაზრდა, ასევე, გამომდინარეობს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან.