სადაზღვევო შემთხვევა დგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის და მიკრობანკის ლიკვიდაციის ოფიციალურად გამოცხადებით.
განცხადება გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის და სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ოფიციალური გვერდების საშუალებით.
შემთხვევის გამოცხადებიდან 5 დღეში სააგენტო აქვეყნებს ანაზღაურების პროცესის დეტალურ ინსტრუქციას.
ოფიციალურ განცხადებაში მითითებული იქნება ანაზღაურების პროცესთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია - ანაზღაურების დაწყების თარიღი, აგენტი ბანკის კონკრეტული ფილიალები, დეპოზიტორის მიერ წარსადგენი დოკუმენტები და ა.შ.
ანაზღაურება ხდება შერჩეული კომერციული ბანკის/მიკრობანკის (აგენტი ბანკის) საშუალებით.
შემთხვევის გამოცხადების შემდეგ, სააგენტო, წინასწარ შერჩეული რამდენიმე კომერციული ბანკიდან/მიკრობანკიდან შეარჩევს აგენტ ბანკს, რომლის საშუალებითაც ანაზღაურდება დეპოზიტები.
ანაზღაურების პროცესი იწყება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 20 კალენდარულ დღეში.
20 დღიანი ვადა წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მაქსიმუმს. ანაზღაურების დაწყების კონკრეტული თარიღი მითითებული იქნება ოფიციალურ განცხადებაში.
სადაზღვევო ზღვარი შეადგენს 30 000 ლარს.
იმ შემთხვევაში, თუკი დეპოზიტორს რამდენიმე ანგარიში აქვს (მათ შორის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში), მისი ანგარიშები ჯამდება და ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 30 000 ლარი იქნება.
დეპოზიტორს შესაძლებლობა ექნება კუთვნილი თანხა მიიღოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
აგენტი ბანკი უფლებამოსილია დეპოზიტორს, ასევე, შესთავაზოს ანგარიშის გახსნა, ასანაზღაურებელი თანხის მიღების მიზნით.
დეპოზიტორს კუთვნილი თანხის მიღება 3 წლის განმავლობაში შეუძლია.
დეპოზიტორს სააგენტოსგან ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში.