დეპოზიტების დაზღვევის ფონდი არის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების ერთობლიობა, რომლის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“.
კანონის თანახმად, ფონდის ძირითად წყაროს წარმოადგენს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადახდილი პირველადი, რეგულარული და სპეციალური სადაზღვევო შენატანები.
პირველადი ერთჯერადი შენატანი განისაზღვრა 100 000 ლარით, რომელიც მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა, კანონის შესაბამისად, 2017 წლის დეკემბერში გადაიხადეს. ნებისმიერი ახალი კომერციული ბანკი და მიკრობანკი ანალოგიურ ერთჯერად შენატანს ლიცენზიის მიღებიდან 30 დღის ვადაში გადაიხდის.
რეგულარული შენატანი წარმოადგენს ყოველთვიურ სადაზღვევო პრემიას, რომელსაც კომერციული ბანკები და მიკრობანკები იხდიან საკუთარი შემოსავლებიდან, 2020 წლის 1 ივლისიდან კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი ყოველთვიური სადაზღვევო შენატანის განაკვეთი კანონით განსაზღვრული მაქსიმალური 0.067%-დან 0.03%-მდე შემცირდა. ხოლო, უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების 0.1%-იანი განაკვეთი უცვლელი დარჩა.
სპეციალური შენატანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ფონდში არ არის საკმარისი თანხა დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად. სპეციალური შენატანის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი ოდენობის 1%-ს 1 კალენდარული წლის განმავლობაში.
ფონდის რესურსებს, კანონით განსაზღვრული პრინციპების, ასევე დამტკიცებული საინვესტიციო პოლიტიკისა და წლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, მართავს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია ფონდი სამართავად გადასცეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს. ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, ინვესტირება ემყარება დივერსიფიკაციის, უსაფრთხოებისა და რისკის ადეკვატური მართვის პრინციპებს და ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ, ლარით დენომინირებულ სავალო ფასიან ქაღალდებში.