დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, პრუდენციულ რეგულირებასთან, ლიკვიდურობის მხარდაჭერასთან და ეფექტიან ზედამხედველობასთან ერთად, ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და იცავს დეპოზიტორებს კუთვნილი თანხების დაკარგვისგან (დადგენილი ზღვრის ფარგლებში) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში. საქართველოში სისტემის დანერგვის მიზანია კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით დანაზოგების წახალისება, ფინანსური კრიზისების დროს შოკური ეფექტების შერბილება, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებისას სადაზღვევო ზღვარი თავდაპირველად 5 000 ლარს შეადგენდა, 2020 წლის 1 ივლისიდან აღნიშნული ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან - 30 000 ლარამდე. ზღვრის ოდენობის 30 000 ლარამდე გაზრდა წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს დაფარვის გასაუმჯობესებლად; ასევე, ხელს უწყობს სისტემის სანდოობისა და ფინანსური უსაფრთხოების კუთხით დეპოზიტების დაზღვევის მნიშვნელობის ზრდას.
ამავდროულად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრიდან სისტემა რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანების გამოთვლის წესზე გადავიდა. კერძოდ, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, ყოველწლიურად განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი ყოველთვიური სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას. რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული კომერციული ბანკისთვის და კონფიდენციალურია. ამასთან, შენატანის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზღვარს (0.067% - ლარში დაზღვეული დეპოზიტებისთვის, 0.1% - უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა თავდაპირებლად მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდებოდა. ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან, დაფარვა იურიდიულ პირებზეც გავრცელდა, რითაც სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ევროდირექტივით განსაზღვრულ პრინციპებს.
დაზღვეულია ყველა სახის დეპოზიტები, მიმდინარე ანგარიშის და ანაბრების ჩათვლით. დაზღვევას არ ექვემდებარება მხოლოდ ის დეპოზიტები, რომელზე წვდომის უფლებაც დეპოზიტორს შეზღუდული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ასევე არ იზღვევა, კომერციული ბანკების ადმინისტრატორების, 5%-ზე მეტი წილის მფლობელი აქციონერების და მათი ოჯახის წევრების დეპოზიტები.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მოქალაქეებისთვის დამატებით ხარჯს არ წარმოქმნის.
საქართველოში სისტემის შემოღება გათვალისწინებული იყო საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით - საქართველო 2020 და ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით.