დეპოზიტების დაზღვევის  სისტემა დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტების გარანტირებულად ანაზღაურებას თანხის კონკრეტული ოდენობით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებს. ის საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა. სისტემის დანერგვაში საქართველოს აქტიური მხარდაჭერა გაუწია მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.

სადაზღვევო შემთხვევა გულისხმობს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებისმიერი კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას.

დეპოზიტების დაზღვევა იცავს მომხმარებელს კუთვნილი თანხის დაკარგვისგან დადგენილი ზღვარის ფარგლებში. ასევე ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურობას, რამდენადაც ნებისმიერ ბანკში სირთულის წარმოქმნისას მნიშვნელოვნად ამცირებს პრობლემის მთელ სისტემაზე გავრცელების,  პანიკისა და თანხების მასობრივი გადინების რისკებს.

ყველა დეპოზიტი დაზღვეულია ავტომატურად, კანონის შესაბამისად.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არსებობა დეპოზიტორებისთვის არავითარ დამატებით ხარჯს არ წარმოქმნის.

სადაზღვევო ზღვარი თითოეული დეპოზიტორისთვის თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში 30 000 ლარია. იმ შემთხვევაში თუკი დეპოზიტორს აქვს ერთ კომერციულ ბანკში/მიკრობანკში რამდენიმე ანგარიში, მისი ანგარიშები დაჯამდება, თუმცა ანაზღაურებული თანხის მაქსიმალური ზღვარი უცვლელად 30 000 ლარია.

ანაზღაურების მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 30 000 ლარით. იმ შემთხვევაში თუკი თქვენი დეპოზიტი 30 000 ლარს აღემატება, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, აგინაზღაურდებათ 30 000 ლარი, იმის მიუხედავად თუ რა ვალუტაში გაქვთ დეპოზიტი განთავსებული, ხოლო, აღნიშნულ ზღვარს ზემოთ არსებული თანხა ანაზღაურდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

30 000 ლარიანი ზღვარი დაწესდა ზოგადი ეკონომიკური სურათის, საბანკო სექტორში არსებული ვითარების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. აღნიშნული ზღვარი ოპტიმალურია დეპოზიტორების უდიდესი ნაწილის სრულად დასაფარად. თუმცა, დაწესებული ზღვარი ეტაპობრივად გადაიხედება და ბაზრის თავისებურებების გათვალისწინებით გაიზრდება.

სადაზღვევო პრემიას იხდიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და მიკრობანკები მათი მთლიანი შემოსავლებიდან.

კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანები აკუმულირდება დეპოზიტების დაზღვევის ფონდში. აღნიშნული ფონდიდან ხდება დეპოზიტორების ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემას ადმინისტრირებას უწევს სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა. სააგენტოში, უფროსის ჩათვლით, სულ 5 თანამშრომელია. სააგენტოს საოპერაციო ხარჯები იფარება დეპოზიტების დაზღვევის ფონდიდან. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს დეპოზიტების შეუფერხებელ ანაზღაურებას.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მეთვალყურეობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც შედიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომერციული ბანკების მიერ წარდგენილი 2 დამოუკიდებელი წევრი.

დაზღვევას ექვემდებარება რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების ყველა ტიპის დეპოზიტები, მათ შორის მიმდინარე და საბარათე ანგარიშები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ასევე ვადიანი და მოთხოვნამდე დეპოზიტები.

დაზღვევა არ ვრცელდება იმ დეპოზიტებზე, რომელთა სარგებლობის უფლებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის ყადაღა, სესხის უზრუნველყოფის საგარანტიო თანხები და სხვა) და კანონით დადგენილ გამონაკლისებზე, რომელთა შორისაა კომერციული ბანკების და მიკრობანკების ადმინისტრატორების, მათი ოჯახის წევრების, ასევე 5%-ზე მეტი წილის მქონე აქციონერებისა და მათი ოჯახის წევრების დეპოზიტები.

ასევე, არ იზღვევა ფინანსური ინსტიტუტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს დეპოზიტები.

საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი და მიკრობანკი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია, ამდენად, ყველა დეპოზიტი ნებისმიერ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეულია ერთნაირი წესით.

იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგება კომერციული ბანკების/მიკრობანკების შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში, დეპოზიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში/მიკრობანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტის ცალ-ცალკე ანაზღაურება დადგენილი ზღვრის ფარგლებში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დამდგარი სადაზღვევო შემთხვევებისთვის დეპოზიტორი კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებს სტანდარტული წესით.

იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტორს ერთ კომერციულ ბანკში/მიკრობანკში აქვს რამდენიმე ანგარიში, მოხდება მათი დაჯამება. ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 1 კომერციული ბანკისთვის/მიკრობანკისთვის 30 000 ლარია.

თუ დეპოზიტორს აქვს რამდენიმე ანგარიში სხვადასხვა კომერციულ ბანკში და მიკრობანკში, მისი ანგარიშები 30 000 ლარამდე ლიმიტის ფარგლებში თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის დაზღვეულია ცალ-ცალკე.

დიახ, დაზღვევის პირობები იდენტურია ნებისმიერ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის. 

 

იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიმართ დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დეპოზიტორებისთვის კუთვნილი თანხის ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში. ანაზღაურების პროცესის განსახორციელებლად შერჩეული იქნება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან/მიკრობანკებიდან ერთ-ერთი. ყველა საჭირო ინფორმაცია დეპოზიტორებს ეცნობება სააგენტოს მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურების ვადა ეტაპობრივად შემცირდება 7 დღემდე.

დაზღვეული დეპოზიტები ანაზღაურდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში. თუ დეპოზიტორს დეპოზიტი უცხოური ვალუტით აქვს, ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება და ანაზღაურდება ეროვნული ვალუტით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, დადგენილი ზღვრის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არ იქნება დეპოზიტორების ანაზღაურებისთვის საკმარისი თანხები, სააგენტო უფლებამოსილია ისესხოს ფული სახელმწიფოსგან, ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან ან მოიძიოს სხვა ალტერნატიული წყაროები.

 

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არსებულ თანხებს დადგენილი საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად მართავს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, ასევე უფლებამოსილია სამართავად გადასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს ან ეროვნულ ბანკს. საინვესტიციო პოლიტიკა ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც თანხების ინვესტირება ხდება ურისკო აქტივებში. ინვესტირებით მიღებული მოგება ირიცხება ასევე ფონდის ანგარიშზე.

დეპოზიტორს სააგენტოსგან ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებლად.