დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), რომელიც 2017 წლის 3 ივლისს დაარსდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სააგენტოს მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში და მიკრობანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების დეპოზიტების დაზღვევა. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში.

სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. 2022 წლის სექტემბერში, სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე, ღია კონკურსის გზით, შეირჩა და დაინიშნა ლევან თოდუა. სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოყალიბდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სააგენტოში, ხელმძღვანელის ჩათვლით, 6 თანამშრომელია - ფინანსური ექსპერტი/ანალიტიკოსი (2), იურისტი, ანაზღაურების ექსპერტი და ადმინისტრაციის სპეციალისტი.

სააგენტოს ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და კომერციული ბანკების მიერ შერჩეული 2 დამოუკიდებელი წევრის შემადგენლობით.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ადმინისტრირებას უწევს ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემას და უზრუნველყოფს მის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და იცავს დეპოზიტორებს კუთვნილი თანხების დაკარგვისგან (დადგენილი ზღვრის ფარგლებში).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამ დროისთვის მსოფლიოს 147-მდე ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს. უკანასკნელი ათწლეულის გამოცდილებამ ნათლად დაადასტურა, რომ ყველაზე ძლიერი ეკონომიკისა და განვითარებული მარეგულირებლის პირობებშიც, ხშირია ბანკების გადახდისუუნარობის შემთხვევები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სისტემის მნიშვნელობას. საქართველოში სისტემა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით და ეფექტიანი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით დაინერგა.

 

რა ვადაში შეუძლია დეპოზიტორს კუთვნილი თანხის მოთხოვნა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან?

დეპოზიტორს სააგენტოსგან ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებლად.

როგორ იმართება დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არსებული თანხები?

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არსებულ თანხებს დადგენილი საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად მართავს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, ასევე უფლებამოსილია სამართავად გადასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს ან ეროვნულ ბანკს. საინვესტიციო პოლიტიკა ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც თანხების ინვესტირება ხდება ურისკო აქტივებში. ინვესტირებით მიღებული მოგება ირიცხება ასევე ფონდის ანგარიშზე.