საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეულია რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების ყველა ტიპის დეპოზიტები, მათ შორის, მიმდინარე და საბარათე ანგარიშები, ასევე, ვადიანი და მოთხოვნამდე დეპოზიტები. ვინაიდან საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი და მიკრობანკი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია, დაზღვევა ეხება საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში არსებულ დეპოზიტებს. დაზღვევის ლიმიტი ამ დროისთვის 30 000 ლარია ნებისმიერ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტისთვის. დაზღვევას არ ექვემდებარება მხოლოდ ის დეპოზიტები, რომელზე წვდომის უფლებაც დეპოზიტორს შეზღუდული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში (მათ შორის ყადაღა, სესხის უზრუნველყოფის საგარანტიო თანხები და სხვა); ასევე, არ იზღვევა კომერციული ბანკების/მიკრობანკების ადმინისტრატორების, 5%-ზე მეტი წილის მფლობელი აქციონერების და მათი ოჯახის წევრების დეპოზიტები. ასევე, არ იზღვევა ფინანსური ინსტიტუტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს დეპოზიტები.