დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, პრუდენციულ რეგულირებასთან, ლიკვიდურობის მხარდაჭერასთან და ეფექტიან ზედამხედველობასთან ერთად, ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და იცავს დეპოზიტორებს კუთვნილი თანხების დაკარგვისგან (დადგენილი ზღვრის ფარგლებში) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში. საქართველოში სისტემის დანერგვის მიზანია კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით დანაზოგების წახალისება, ფინანსური კრიზისების დროს შოკური ეფექტების შერბილება, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებისას სადაზღვევო ზღვარი თავდაპირველად 5 000 ლარს შეადგენდა. ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან აღნიშნული ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა. ზღვრის ოდენობის 15 000 ლარამდე გაზრდა წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს დაფარვის გასაუმჯობესებლად; ასევე, ხელს შეუწყობს სისტემის სანდოობისა და ფინანსური უსაფრთხოების კუთხით დეპოზიტების დაზღვევის მნიშვნელობის ზრდას.

ამავდროულად, 2020 წლის 1 ივლისიდან კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი ყოველთვიური სადაზღვევო შენატანის განაკვეთი კანონით განსაზღვრული მაქსიმალური 0.067%-დან 0.03%-მდე შემცირდა. ხოლო, უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებით 0.1%-იანი განაკვეთი უცვლელი დარჩა.

დაზღვეულია ფიზიკური პირების ყველა სახის დეპოზიტები, მიმდინარე ანგარიშის და ანაბრების ჩათვლით. დაზღვევას არ ექვემდებარება მხოლოდ ის დეპოზიტები, რომელზე წვდომის უფლებაც დეპოზიტორს შეზღუდული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ასევე არ იზღვევა იურიდიული პირების, კომერციული ბანკების ადმინისტრატორების, 5%-ზე მეტი წილის მფლობელი აქციონერების და მათი ოჯახის წევრების დეპოზიტები. სისტემის განვითარებასთან ერთად, დაიწყება მუშაობა მასში იურიდიული პირების ჩართვაზე.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მოქალაქეებისთვის დამატებით ხარჯს არ წარმოქმნის.

საქართველოში სისტემის შემოღება გათვალისწინებული იყო საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით - საქართველო 2020 და ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით.