სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ ტაჯიკეთის დეპოზიტების და დანაზოგების დაზღვევის ფონდისა და ფინანსთა სამინისტროს პროექტის განხორციელების ჯგუფის დელეგაციას უმასპინძლა.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს წარმომადგენლებმა ტაჯიკ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს ანაზღაურების პროცესის მართვის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაზღაურების მართვის მიზნით შექმნილი სპეციალური ელექტრონული პროგრამის შემუშავების ბიზნეს-პროცესის, დანერგვის და ფუნქციონალების მართვის დეტალებზე. სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების საკითხები.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სპეციალური სესია დაეთმო საბანკო რეზოლუციის თემას. ამ მიმართულებით კოლეგებს გამოცდილება საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის, რეზოლუციის და ლიკვიდაციის განყოფილების უფროსმა გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის ორმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მსგავსი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემებს შორის თანამშრომლობისა და ცოდნის გაძლიერებას.